ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა გახდება. იგი საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დმიტრო კულებას ჩაანაცვლებს, რომელიც თანამდებობიდან დღეს, 4 სექტემბერს გადადგა. სიბიჰას დანიშვნის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას უმაღლესი რადა, სავარაუდოდ, ხვალ, 5 სექტემბერს გამოაცხადებს.
ანდრიი სიბიჰა უკრაინის საგარეო უწყებაში მინისტრ კულებას პირველი მოადგილეა. როგორც Bloomberg-ი წერს, მას გამოცდილი დიპლომატის რეპუტაცია აქვს. სიბიჰა მიმდინარე წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, სხვადასხვა პერიოდში თურქეთში უკრაინის ელჩისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობებს იკავებდა.
ცნობისთვის, უკრაინის ჯერჯერობით მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შესაბამის უწყებაში თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადი დღეს, 4 სექტემბერს შეიტანა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტის საკადრო გადალაგება გამოაცხადა.
კულებას გადადგომის შესახებ ინფორმაცია უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა გაავრცელა. სტეფანჩუკის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას უმაღლესი რადა პლენარულ სხდომაზე მომდევნო ხანებში განიხილავს.
1 დღით ადრე, 3 სექტემბერს უკრაინის მთავრობაში საკადრო გადალაგების მოლოდინის ფონზე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება კიდევ რამდენიმე მინისტრმა მიიღო.
სტეფანჩუკის ცნობით, თანამდებობის დატოვების წერილი ქვეყნის პარლამენტს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ, გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ და პრემიერმინისტრის მოადგილემ და რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გაუგზავნეს.
3 სექტემბერს გავრცელდა ცნობები, რომელთა მიხედვითაც 4 სექტემბერს უკრაინის მინისტრთა პალატაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა. ცნობებითვე, ახალი კადრების დანიშვნას შესაბამის თანამდებობებზე რადა 5 სექტემბერს დაიწყებს.
"შემოდგომა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა შეიცვალოს, რომ უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს - ყველა ჩვენგანისთვის" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში 3 სექტემბერს.





