უკრაინის მთავრობაში საკადრო გადალაგების მოლოდინის ფონზე, 3 სექტემბერს თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება რამდენიმე მინისტრმა მიიღო.
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ცნობით, თანამდებობის დატოვების წერილი ქვეყნის პარლამენტს უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, გარემოს დაცვის მინისტრმა, რუსლან სტრილეტსიმ, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცეპრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ და პრემიერმინისტრის მოადგილემ და რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გაუგზავნეს.
სტეფანჩუკის თქმით, უკრაინის პარლამენტი მათი თანამდებობიდან დატოვების წერილებს შემდეგ პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
ჯერჯერობით მათი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. თუმცა, უკრაინის მმართველი ფრაქციის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას ინფორმაციით, გადაწყობა მთავრობის პერსონალის ნახევარზე მეტს შეეხება. მისი თქმით, "ხვალ თანამდებობებიდან გათავისუფლების დღეა, ხოლო ამის შემდეგ იქნება თანამდებობებზე დანიშვნის დღე".
ამასთანავე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვისას განაცხადა, რომ "შემოდგომა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის. და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისე უნდა შეიცვალოს, რომ უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს - ყველა ჩვენგანისთვის".





