რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსებმა სუმის ოლქში ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრსა და თავშესაფარს დაარტყეს

Ihor Lachenko/X

რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქში, ქალაქ სუმიში საგანმანათლებლო დაწესებულებას რაკეტით დაარტყეს, რომელშიც ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი და ობოლთა თავშესაფარი ფუნქციონირებს. ინფორმაციას Telegram-ზე სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს

"რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ ჩაიდინეს დანაშაული სუმის ოლქის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. 

დღეს, 1-ელ სექტემბერს, მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სადაც ბავშვთა სოციალური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ობოლთა თავშესაფარი ფუნქციონირებს" - წერს ადგილობრივი ხელისუფლება Telegram-ზე. 

შენობა, რომელზეც ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, საცხოვრებელ უბანში მდებარეობს. 

ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, მოქალაქეებს სამედიცინო დახმარებას მედიკოსები უწევენ.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დასაზუსტებელია. 

ქალაქი სუმის ოლქის რეგიონული ცენტრია და რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს, რის გამოც ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდება.

კომენტარები