უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მეთაური, მიკოლა ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულება 30 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ზელენსკიმ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 29 აგვისტოს კიევმა უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და, ტრაგედიის შედეგად, უკრაინის საჰაერო ძალების პილოტის, ოლექსი მესის გარდაცვალება დაადასტურა. განკარგულების გაცემიდან რამდენიმე წუთში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ მან "საჰაერო ძალების მეთაურის ჩანაცვლება გადაწყვიტა" და ეს გადაწყვეტილება მან უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის გასაძლიერებლად მიიღო.
მიკოლა ოლეშჩუკი უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობაზე 2021 წლის 9 აგვისტოს დაინიშნა. მანამდე შესაბამის პოსტს სერჰიი დროზდოვი იკავებდა.
ცნობისთვის, 29 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 26 აგვისტოს უკრაინული F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა და მისი პილოტის, ოლექსი მესის გარდაცვალება დაადასტურა. ცოტა ხნით ადრე გამოცემა Wall Street Journal წერდა, რომ F-16 26 აგვისტოს რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის დროს ჩამოვარდა.





