უკრაინის საჰაერო ძალებში დაადასტურეს, რომ დაიღუპა პილოტი ოლექსი მესი, რომელიც, შესაძლოა, ჩამოვარდნილ F-16-ს მართავდა. თუმცა უწყების განცხადებაში არაფერია ნახსენები F-16-ის ჩამოვარდნის ცნობის შესახებ.
უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ მესი ქვეყნისთვის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა და 26 აგვისტოს ღამეს სამი ფრთოსანი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
"ოლექსი მესი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პილოტი ჩვენი ქვეყნის დაცვის დროს დაიღუპა. მისი ბოლო გმირული ბრძოლა ზეცაში გაიმართა. 26 აგვისტოს ოლექსიმ გაანადგურა სამი ფრთოსანი რაკეტა და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, როცა რუსეთის კომბინირებულ საჰაერო და სარაკეტო მასობრივ თავდასხმას იგერიებდა. სამწუხაროდ, საკუთარი სიცოცხლის ფასად." – წერს უკრაინის საჰაერო ძალები.
აქამდე, დაახლოებით 1 საათით ადრე ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ცნობა, რომ 26 აგვისტოს, რუსეთის უდიდესი მასობრივი იერიშების დროს, უკრაინულმა F-16-მა კატასტროფა განიცადა. მათ ხაზი გაუსვეს ქალაქი ლუცკის მერის, იგორ პოლუშჩიკის ცნობას, რომლის მიხედვითაც ამავე დღეს დაიღუპა პილოტი ოლექსი მესი. მესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც F-16-ების მართვა ისწავლა და აშშ-ში კიევისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემასაც ლობირებდა.
როგორც მედიის წყარო ამბობს, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავი მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად არ ჩამოვარდნილა და კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა გახდა.
გასულ დღეებში, რუსეთის მასობრივი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომელთა პირველი ნაწილი მცირე ხნის წინ მიიღეს, რაკეტების ჩამოგდებისთვის გამოიყენეს.
26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინაზე უდიდესი იერიში მიიტანა. მთავარ სამიზნეებს ენერგოინფრასტრუქტურა წარმოადგენდა. თავდასხმის დროს მოსკოვმა 200-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენა.
4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორების მიერ მიწოდებული ამერიკული ავიაგამანადგურებელი F-16-ები წარადგინა. მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ პილოტებსა და დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით, დანიას, ნიდერლანდებსა და აშშ-ს.
აქამდე The Economist-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინამ პირველი 10 ცალი F-16 მიიღო.
ავიაგამანადგურებლები უკრაინამ NATO-ს ევროპული ქვეყნებისგან ვაშინგტონის შუამავლობით მიიღო. გასულ თვეებში მოკავშირეები, მათ შორის დანია და ნიდერლანდები, კიევს რამდენიმე ათეულ F-16-ს დაჰპირდნენ, თუმცა, სავარაუდოდ, მიწოდების პროცესს რამდენიმე წელი დასჭირდება.
როგორც The New York Times-ი წერდა, წელს F-16-ების ფრენას მხოლოდ 20 უკრაინელი პილოტი შეძლებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კიევს მხოლოდ 10 ავიაგამანდგურებლის გამოყენება შეეძლებოდა, რადგან თითო თვითმფრინავს ორი მფრინავი სჭირდება.





