აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის მოადგილემ, დევიდ კოჰენმა 28 აგვისტოს გამართულ ეროვნული უსაფრთხოების კონფერენციაზე კურსკში უკრაინის ოპერაციაზე ისაუბრა. კოჰენის თქმით, რუსულ ძალებს რთული ბრძოლა მოუწევთ დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად.
კოჰენმა აღნიშნა, რომ პუტინი აპირებს კონტრიერიშის მიტანას კურსკის რეგიონში, თუმცა, მისი დაბრუნება არ იქნება მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ კიევის თქმით დაკავებული ტერიტორიის ანექსირების არანაირი მიზანი არ ამოძრავებთ, უკრაინელი სამხედროები თავდაცვით ხაზებს აშენებენ და შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ტერიტორიის ნაწილის გარკვეული დროით შენარჩუნებას გეგმავენ.
"ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ პუტინი ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრიერიშს წამოიწყებს. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს რუსებისთვის რთული ბრძოლა იქნება" – ამბობს CIA-ს დირექტორის მოადგილე.
კოჰენის თქმით, პუტინს მოუწევს არა მხოლოდ იმასთან გამკლავება, რომ ახლა რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს ფრონტის ხაზი, არამედ იმასთანაც, რომ რუსეთის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვა თავისივე საზოგადოებაშიც უარყოფით პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქიდან რუსეთის კურსკის ოლქის მიმართულებით ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. თავდაპირველად რუსები ირწმუნებოდნენ, რომ საზღვრის დარღვევა არ დაუშვეს და თავდასხმა მოიგერიეს, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს სიცრუე იყო და ვითარება მათთვის ბევრად უფრო მძიმე იყო. 7 აგვისტოსთვის უკრაინელები რამდენიმე დასახლებულ პუნქტს აკონტროლებდნენ.
ასზე მეტი რუსი სამხედრო უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და რამდენიმე ათეულობით დასახლებაზე კონტროლი მოიპოვეს. დანაკარგები ორივე მხარესაა. რუსულ და უკრაინულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება განადგურებული საბრძოლო ტექნიკის ფოტოები და კადრები.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები და ცნობები, რომელთა მიხედვითაც საბრძოლო მოქმედებებში ქართველი მოხალისეებიც მონაწილეობენ.
წარსულში მსგავს რეიდებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებს უკრაინის მხარეს მებრძოლის ლეგიონი რუსეთის თავისუფლება და რუსული მოხალისეთა კორპუსი ატარებდა. მსგავსი თავდასხმების გამო რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ტერიტორიაზე, რუსეთის საზღვართან "სანიტარული ზონის" შექმნის აუცილებლობაზე საუბრობდა.





