რუსული კანონის აღსასრულებლად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შექმნილ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს. კირვალიძე საჯარო რეესტრში 2015 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს, მას იუსტიციის სამინისტროსა და მასზე დაქვემდებარებულ დანაშაულის პრევენციის ცენტრშიც აქვს ნამუშევარი.
დეპარტამენტს 2 სამსახური ექნება - რეგისტრაციისა და მონიტორინგის. ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი 28 წლის თინათინ ღუღუნიშვილი იქნება. მას საჯარო რეესტრში მუშაობის 6-წლიანი გამოცდილება აქვს. იქამდე, ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი იყო.
რაც შეეხება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის დეკლარირების მონიტორინგის სამსახურს, მისი უფროსი ირაკლი კერვალიშვილი იქნება. ის საჯარო რეესტრში 2013 წლიდან მუშაობს.
სამივე მათგანი განათლებით იურისტია.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოცემული ბრძანების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ორი სტრუქტურული ერთეულისგან შედგება:
- რეგისტრაციის სამსახური;
- დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.
"დეპარტამენტის ამოცანებია კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა". - ნათქვამია კანონქვემდებარე აქტში.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოება და მისი საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა;
გ) უფლებამოსილების ფარგლებში, კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
დ) შესაბამისი სტრუქტურული, საკადრო, ნორმატიული და ტექნიკური ხასიათის კონკრეტული წინადადებების შემუშავება და ყოველი კვარტლის ბოლოს სააგენტოს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ე) დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისთვის წარდგენა;
ვ) ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
"სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის უფროსი (მისი მოვალეობის შემსრულებელი) არის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი". - წერია ბრძანებაში.
28 მაისს რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.