ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდოეთის პრემიერმინისტრი, ნარენდრა მოდი უკრაინას ეწვევა. ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა, მოდი უკრაინაში, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩავა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი უკრაინასთან ერთად პოლონეთსაც ეწვევა. განხილვის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი იქნება.
მანამდე, 8-9 ივლისს მოდი მოსკოვში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის კი ბოლოს ივნისში, იტალიაში გამართულ დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ვაჭრობა და ურთიერთობის გაღრმავება განიხილეს.
რუსეთში ინდური დიასპორის მიმართვისას მოდიმ აღნიშნა, რომ პუტინის მმართველობას აფასებს და ის "ძვირფას მეგობრად" მოიხსენია. ინდოეთის პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარები განსაკუთრებით შემაშფოთებელი აღმოჩნდა უკრაინისა და დასავლეთისთვის, რადგან სწორედ მოდისა და პუტინის შეხვედრამდე რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური იერიში მიიტანა და, მათ შორის, კიევი დაბომბა, სადაც სხვა შენობებთან ერთად ბავშვთა საავადმყოფოც დაზიანდა. თავდასხმის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, სულ მცირე, 41 ადამიანი დაიღუპა და 170-ზე მეტი დაშავდა.
ინდოეთი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის კრიტიკას ერიდება და ორივე მხარეს კონფლიქტის დიპლომატიური გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს. ომის დაწყებიდან კი რუსეთი ინდოეთისთვის ნედლი ნავთობის იმპორტის მთავარი წყარო გახდა. ამასთან ერთად, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ინდოეთისთვის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.





