პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია OCCRP-ს მიერ, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონების შესახებ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა.
გახარიას თქმით, ის არ თვლის, რომ მსგავსი საკითხები, რომელიც "ოჯახს ეხება" უნდა პოლიტიზდეს არჩევნების კონტექსტში.
"მე ამ შეფასებებში არასდროს შევსულვარ და არც შევალ - მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ოჯახის აქტივების განკარგვას, ეს ჩემი საქმე არ არის, ეს ოჯახის საქმეა.
თუ სადმე კანონი დაირღვა ამისთვის არსებობს შესაბამისი ორგანოები, თუ საქართველოში დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობის კონტექსტთან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, მერწმუნეთ, გლობალურ სამყაროში ვერაფერი დაიმალება დღეს, ხვალ ყველაფერი ნათელი იქნება.
ამიტომ, მე არ ვთვლი, რომ მსგავსი საკითხები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ოჯახს ეხება უნდა იყოს პოლიტიზებული არჩევნების კონტექსტში.
ამისთვის არსებობს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, საგამოძიებო ჟურნალისტიკა და კიდევ ბევრი რაღაცა არსებობს, რისი გამოყენებაც შეიძლება". - თქვა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
აი, ფაქტის, OCCRP-ს, iStories -ს (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორის და საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
14 აგვისტოს ქართული ოცნების პრესსამსახურმა აღნიშნული გამოძიება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 1998 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს რუსეთში ქონება არ შეუძენია, ხოლო რუსეთში ქონების ფლობა, თავად ბიძინა ივანიშვილმა 11 წლის წინ გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
16 აგვისტოს, OCCRP ქართული ოცნების თავდასხმებს ორგანიზაციის მიერ ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრო-სახელისუფლებო ტელევიზიებმა და მედია ორგანიზაციებმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადეს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო.
OCCRP-ს 16 აგვისტოს განცხადებაში წერია, რომ "ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ მისი ქონების სიას 2021-2024 წლებში ახალი უძრავი ქონება შემატა". - საუბარია 2 მიწის ნაკვეთსა და 1 სახლზე პერედელკინოს უბანში 1 სახლზე.
"რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Aqua Space LLC, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ოჯახთან, საპროცენტო სარგებელს იღებს მრავალ მილიონ დოლარიანი მოკლე-ვადიანი დეპოზიტების განთავსებით Sberbank - ში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებულია მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა". - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანია Aqua Space LLC ასევე მართავს ივანიშვილების ოჯახის მთავარ საცხოვრებელ სახლს მოსკოვში, იღებს საიჯარო ქირას მოიჯარეებისგან და ურიცხავს საიჯარო თანხის უდიდეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს.





