ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OCCRP) ქართული ოცნების თავდასხმებს ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაზე, რომელიც OCCRP-ის თქმით, უშუალოდ ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის ქონებაზე ჩატარდა კიდევ ერთი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
აქამდე, ქართული ოცნების პრესსამსახურმა აღნიშნული გამოძიება ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 1998 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს რუსეთში ქონება არ შეუძენია, ხოლო რუსეთში ქონების ფლობა, თავად ბიძინა ივანიშვილმა 11 წლის წინ გახადა საჯარო, როდესაც 2013 წელს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო და მეუღლის სახელზე არსებული აქტივებიც მიუთითა.
OCCRP 16 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პრო-სახელისუფლებო ტელევიზიებმა და მედია ორგანიზაციებმა ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადეს, რომ ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო - ორგანიზაცია უარყოფს ამ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ ამ კვირაში გავრცელებული თავდასხმების ფონზე, სურთ უფრო მეტი დეტალი მიაწოდონ საზოგადოებას გამოძიების შესახებ.
"ეს არის საზოგადოებრივი ინტერესის საგანი და არა პოლიტიკური საკითხი.
ჩვენ არ ვახდენთ ინფორმაციის ინტერპრეტაციას, ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვაქვეყნებთ.
ჩვენ კვლავ ვადასტურებთ იმ ინფორმაციის სიზუსტეს, რაც გამოვაქვეყნეთ, რადგანაც ეს ფაქტები სწორია". - თქვა OCCRP-ს რედაქტორმა, დრიუ სალივანმა.
ორგანიზაციის თქმით, გამოძიების შედეგად ივანიშვილების ოჯახის ქონებასთან დაკავშირებით ახალი ფაქტები გამოვლინდა.
აი, ფაქტის, OCCRP-ს, iStories -ს (რუსეთი), GMC-ს, სტუდია მონიტორის და საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსკოვში არსებული უძრავი ქონების მინიმალურ საბაზრო ღირებულება 14.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
OCCRP-ს 16 აგვისტოს განცხადებაში წერია, რომ "ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ მისი ქონების სიას 2021-2024 წლებში ახალი უძრავი ქონება შემატა". - საუბარია 2 მიწის ნაკვეთსა და 1 სახლზე პერედელკინოს უბანში 1 სახლზე.
"რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Aqua Space LLC, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის ოჯახთან, საპროცენტო სარგებელს იღებს მრავალ მილიონ დოლარიანი მოკლე-ვადიანი დეპოზიტების განთავსებით Sberbank - ში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქცირებულია მას შემდეგ, რაც რუსეთი 2022 წელს უკრაინაში შეიჭრა". - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, კომპანია Aqua Space LLC ასევე მართავს ივანიშვილების ოჯახის მთავარ საცხოვრებელ სახლს მოსკოვში, იღებს საიჯარო ქირას მოიჯარეებისგან და ურიცხავს საიჯარო თანხის უდიდეს ნაწილს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს.
OCCRP-ს თქმით, ორგანიზაციამ უძრავი ქონების რეესტრიდან მოიპოვა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით, მათ არ შეუძლიათ დამატებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ და რა გზით მოიპოვეს ეს დოკუმენტები.

"ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ამ წლის დასაწყისში, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა, უჩა მამაცაშვილმა ეკატერინე ხვედელიძეს ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი გადაუფორმა". - წერს ორგანიზაცია.





