ოლიმპიადა 2024

კობახიძე პრეზიდენტზე: კინკლაობაში ჩათრევას ცდილობს, დაჯილდოება მისი საქმეა - ვერ ჩავერევით

ცდილობს რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი, ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით, მას თუ უნდა, შეუძლია სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როდესაც სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მნიშვნელოვანი იყო ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. შესაბამისად, აქტუალურიც არ არის ეს განცხადება.

დაჯილდოება მისი [პრეზიდენტის] საქმეა, როგორც მოგეხსენებათ დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი, მისი საქმეა ამას როდის გააკეთებს, სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. რაც შეეხება ორდენებით დაჯილდოებას, სამწუხაროდ ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. მე მახსოვს 2021 წელ,  როდესაც ანალოგიური დახვედრა გაიმართა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით სპორტსმენების დაჯილდოება, მაშინ როდესაც მაშინაც გვყავდა ჩვენ დამსახურებული სპორტსმენები, მაგალითად, ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება არც ერთი ორდენით. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად და მე ვფიქრობ, რომ თითოეული ოლიმპიელი, თითოეული მედალოსანი, თითოეული ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოს, რომლებზეც წარვადგინეთ მე და პარლამენტის თავმჯდომარემ და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ, თუ არადა 4 თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება.

ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ მთავრობის სურვილის მიუხედავად, ოლიმპიელებს სექტემბერში დააჯილდოებს.

კომენტარები