გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ გადაცემული შეიარაღების რუსეთში გამოყენების მხრივ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეზღუდული არ არის.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინას "აშკარა უფლება" აქვს, რომ გაერთიანებული სამეფოს მიერ გადაცემული შეიარაღება საკუთარი თავდაცვისთვის გამოიყენოს და ეს პოლიტიკა ხელისუფლებაში ლეიბორისტების მოსვლის შემდეგ არ შეცვლილა.
"გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა, გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის ფარგლებში, უკრაინას რუსეთის არალეგალური იერიშების წინააღმდეგ თავის დაცვის აშკარა უფლება აქვს, რაც რუსეთის შიგნით [სამხედრო] მოქმედებებს არ გამორიცხავს". - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.
სამინისტროში ასევე დაამატეს, რომ სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის დროს გაერთიანებული სამეფო ცხადად ხაზს უსვამს, რომ შეიარაღება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა იყოს გამოყენებული.