თავდასხმა გლოვოს კურიერზე

შსს: დავაკავეთ ბრალდებული, რომელმაც გლოვოს კურიერს განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომელიც ივლისში გლოვოს კურიერს ფიზიკურად გაუსწორდა, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ბრალდებით 1986 წელს დაბადებული ძებნილი, წარსულში ნასამართლევი ნ.მ. დააკავეს.

ბრალდებულმა ნ.მ.-მ მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ერთ-ერთი კომპანიის კურიერს თ.ს.-ს ორივე ფეხის არეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ნ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში". - წერია შსს-ს განცხადებაში. 


6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, გლოვოს კურიერს, თემო სიგუას ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც კურიერმა მისამართზე შეკვეთა მიიტანა. 

კომენტარები