საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, 10 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე, სადაც ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოს პრემიერმინისტრსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რუსული კანონის შესახებ საერთოდ არ უსაუბრიათ.
"მე მქონდა სენატორთან და კონგრესმენთან, ამერიკის ელჩი ესწრებოდა ამ შეხვედრას და ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი - საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს ამ შეხვედრაზე გამჭვირვალობის შესახებ კანონი საერთოდ არ უხსენებიათ.
რაც შეხება სხვა საკითხებს, მე გულწრფელად გავუზიარე, როგორც სენატორს, ასევე კონგრესმენს, ასევე ელჩს ჩვენი იმედგაცრუება და შეშფოთება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც ახასიათებს დღეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს - ეს უნდა შეიცვალოს". - თქვა კობახიძემ.
აქამდე, სენატორმა შაჰინმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრის მხრიდან შეხვედრაზე არ გაჟღერებულა არცერთი ინიციატივა, რაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს,
"იმედგაცრუება გამოიწვია, რომ პრემიერმინისტრმა არ გააკეთა რაიმე შემოთავაზება, რაც მას და მის ადმინისტრაციას სურს გააკეთოს ამერიკასთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ვისაუბრეთ მთელ რიგ წუხილებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუნდაც ის განცხადება, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოში გადატრიალებას გეგმავდა (რაც აბსოლუტური სიცრუეა); იმედი მაქვს, პრემიერმინისტრი და მისი მთავრობა განიხილავენ ნაბიჯებს, რომლის გადადგმაც მათ მომავალში შეუძლიათ იმისათვის, რომ განაგრძონ იმ ურთიერთობების გაუმჯობესება რაც აშშ-სა და საქართველოს აქამდე ჰქონდა". - თქვა შაჰინმა 11 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე [სინქრონული თარგმანი].
შაჰინმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ იღებს საქართველოს მთავრობა კანონს, რომელიც რუსეთის ინტერესებს ასახავს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას
"ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, ის არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე.
სამწუხაროდ, მინდა გითხრათ, რომ მიჭირს გაგება - იმ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ (სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ), ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ინტერესებს და ეწინააღმდეგება მოქალაქეების ნებას - არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მოქალაქეებთან საუბრისას, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას". - თქვა შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]





