ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის კოალიციამ, "ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამის, სახელად "ილიას გზა" პრეზენტაცია გამართა. მამუკა ხაზარაძემ იმ 3 ძირითად პუნქტზე ისაუბრა, რის შესრულებასაც კოალიცია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.
- "პირველი, რასაც გავაკეთებთ, არის ევროკავშირთან ინტეგრაციის ჩვენი, ძლიერი საქართველოს 9-პუნქტიანი გეგმა. ეს პუნქტები მოიცავს: EU-ში გაწევრიანებისთვის სწრაფი მოლაპარაკებების დაწყებას. საგარეო საკითხების, რაც ქართულმა ოცნებამ ჩააგდო, თავიდან გადახედვასა და ჩვენი პარტნიორების საქართველოსკენ მობრუნებას. ეს ნიშნავს ყველა იმ სამართლებრივი საკითხის გამოსწორებას, რაც ეხება სასამართლო პროცესებს და ა.შ. ჩვენ ტურიზმის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ რუსების უკონტროლო შემოსევასა და მათზე ქართული მიწების უკონტროლოდ მიყიდვაზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, სავიზო რეჟიმი და ა.შ. ვფიქრობ, ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი, რაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ - ეს არის ევროკავშირთან ძალიან სწრაფი ინტეგრირება, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნას.
- ეს არის სამუშაო ადგილები. დღეს საქართველოს 200 000 სამუშაო ადგილი აკლია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად იფუნქციონიროს. ჩვენ ვიცით, ეს 200 000 სამუშაო ადგილი როგორ აღვადგინოთ, ანაკლიის პროექტი როგორ დავამთავროთ და ანაკლიის ქალაქის მშენებლობა როგორ დავასრულოთ. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ დავასაქმოთ ყველა კურსდამთავრებული ანაზღაურებად სამსახურში პირველი 6 თვის განმავლობაში.
- უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომ 4 წლის განმავლობაში, პენსია 1 000 ლარი გავხადოთ. მზარდი ეკონომიკის, ბიუჯეტისა და სერიოზული სახელმწიფო მენეჯმენტის პირობებში, ეს შესაძლებელია.
გპირდებით, რომ ილიას გზითა და მარშალის გეგმით, თქვენთან ერთად, ძალიან ძლიერ საქართველოს ავაშენებთ". - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ლელო, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და ლევან ცუცქირიძის საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
გაერთიანებაში ასევე შევიდნენ მომღერალი გიორგი უშიკიშვილი და განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია.





