თბილისში, სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
2010 წელს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ შექმნილი ორი საკოორდინაციო მექანიზმის შედეგად, 1990 იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 621 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. 2000 მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.





