ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას სიკვდილის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანანიმ თქვა, რომ რეგიონში ესკალაცია არ სურთ, მაგრამ ისრაელი უნდა "დასაჯონ". მისი თქმით, ირანის ქმედება გარდაუვალია.
"ირანს რეგიონში სტაბილურობის დამყარება სურს, მაგრამ ეს მხოლოდ აგრესორის დასჯით და სიონისტური რეჟიმის ავანტიურიზმის შეკავებით შედეგად მოხდება". - თქვა ქანანიმ.
ქანანის თქმით, 7 აგვისტოს ირანის მოთხოვნით ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ჰანიას სიკვდილსა და ირანის რეაგირებაზე იმსჯელებენ.
დღეს, 5 აგვისტოს ირანის საგარეო სამინისტრომ თეირანში მყოფი ელჩები საგარეო მინისტრ ალი ბაღერისთან შეხვედრაზე დაიბარა.
ირანი ისრაელს პასუხის გაცემით აქამდეც ემუქრებოდა.
4 აგვისტოს ირანის ახალმა პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ აიმან საფადისთან თეირანში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ "სიონისტური ამპარტავნება უპასუხოდ არ დარჩება".
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





