არჩევნები 2024

სააკაშვილი: მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა

არჩევნები, რა თქმა უნდა, მათ წაგებული აქვთ, მაგრამ მათ აქვთ გეგმა იმისა, რასაც გააკეთებენ და ეს ყველაფერი უკვე მოხდა გუშინ, ვენესუელაში. ვენესუელაში ზუსტად ასე არის მთავრობა ფულით გაქსუებული, რომელიც გადაკიდებულია დანარჩენ სამყაროსთან, შეკრულია რუსეთთან და რომელსაც ეზიზღება საკუთარი ხალხი. ვენესუელაში მათ წააგეს არჩევნები 70/30-ზე და იქაც არის ელექტრონული კენჭისყრის სისტემა; მთლიანად გააყალბეს, მთლიანად აკონტროლებენ საარჩევნო კომისიას, მთლიანად აკონტროლებენ სასამართლო სისტემას, მთლიანად აკონტროლებენ პოლიციას და ოპოზიცია, რომელმაც მოიგო 70/30-ზე, დატოვეს მშრალზე, ჯერჯერობით. მაგრამ იქ ხალხი ამას არ შეეგუება.

აქაც ივანიშვილმა გაწმინდა ყველაფერი საარჩევნო კომისიაში, მთლიანად ხელში აქვს, როგორც ვთქვი, საარჩევნო სისტემა, გაამრავლა რობოკოპები. ვენესუელამ უარი უთხრა უცხოეთში საარჩევნო პუნქტების გახსნაზე იმიტომ, რომ ქვეყნიდან გაყარეს მოსახლეობის თითქმის ნახევარი და იქაც არის წარმოუდგენელი ფასების ზრდა, როგორც ჩვენთან. ჩვენთან უკვე გამოაცხადეს, რომ დამატებით საარჩევნო უბნებს არ გახსნიან და უფრო მეტიც, რუსეთს ელაპარაკებიან ახლა რომ რუსეთში გახსნან საარჩევნო პუნქტები; გასაგებია, ზუსტად ასევე შევარდნაძე აყალბებდა რუსეთის მეშვეობით და მათ უნდათ, ისე როგორც ვენესუელაში მოხდა გუშინ, შეიყვანონ მთელი ხალხი ბუტკაში. 

ოღონდ მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ მის ბუტკაში ქართველი ხალხი აღარ ეტევა. ძალიან ბევრია უკვე უკმაყოფილო და აზრზე მოსული და ამას ისე ბუტკაში ვერ შეაკავებ. ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველანი არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის, ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ესენი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს, ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ყველანი ერთად, ასობით ათასი ადამიანი ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ, აღიარონ ქართველი ერის არჩევნები.

[სტილი დაცულია]

თქვა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები