2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

REUTERS/IPSOS გამოკითხვით, ტრამპს ამომრჩევლის 42%, ხოლო ჰარისს 44% უჭერს მხარს

Reuters/Ipsos-ის კვლევის მიხედვით, დემოკრატიული პარტიის სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს 2%-ით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს დონალდ ტრამპს. 

22-23 ივლისს ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვაში მონაწილეობა აშშ-ს 1,241-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველია. გამოკითხვით დადგინდა, რომ ჰარისს 44%-იანი, ხოლო ტამპს 42%-იანი მხარდაჭერა აქვს, 3%-იანი ზღვრული ცდომილებით. 

Reuters/Ipsos-ის 15-16 ივლისის გამოკითხვის მონაცემებით, ჰარისსა და ტრამპს მხარდაჭერის თანაბარი, 44%-იანი მაჩვენებლები ჰქონდათ, ხოლო 1-2 ივლისის გამოკითხვის შედეგებით, ტრამპს ბაიდენზე 1%-იანი უპირატესობა ჰქონდა. 

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 56% დაეთანხმა წინადადებას, რომ ჰარისი "გონებამახვილია და შეუძლია გამოწვევებთან გამკლავება". იმავე წინადადებას ტრამპის შემთხვევაში 49% დაეთანხმა, ხოლო ბაიდენის შემთხვევაში - 22%. 


მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.

გამოცემა Associated Press-ის მონაცემების მიხედვით, ჰარისს უკვე საკმარისი, 3107 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რათა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ოფიციალურად გახდეს, დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად კი 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.

კომენტარები