2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემი გამჭრიახობა კარგ მდგომარეობაშია – ბაიდენი

NBC News

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია. მისივე თქმით, მოხუცია და ესმის, რატომ საუბრობს ხალხი მის ასაკზე, თუმცა ტრამპზე 3 წლით უფროსია. 

"მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ, ეს ერთი და მეორე - ჩემი გონებრივი გამჭრიახობა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარ წელში უფრო მეტი გავაკეთე ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, მზად ვარ ამის მიხედვით შევფასდე. მესმის, მესმის რატომ კითხულობს ხალხი: "ღმერთო, 81 წლისაა. როგორი იქნება, როცა 83 ან 84 წლისაა?" ეს ლეგიტიმური კითხვაა". - თქვა ბაიდენმა  

ბაიდენმა დაამატა, რომ მასსა და ტრამპს შორის "არსებითად ახლო რბოლა" იქნება. 

"იმ მომენტიდან, როცა გამოაცხადა (რედ. - ტრამპმა, რომ კენჭს იყრიდა), ვიცოდით, რომ ეს ახლო რბოლა იქნებოდა. იდეა, რომ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ... გამოკითხვებს თუ ნახავთ, გამოკითხვები მრავალ სხვადასხვა რამეს აჩვენებს, მაგრამ ჩვენს შორის დიდი სხვაობა არ არის, ეს არსებითად ახლო რბოლაა". - თქვა ბაიდენმა. 

წამყვანის კითხვას, თუ ვის ეკითხება რჩევებს მნიშვნელოვან პირად საკითხებზე, მაგალითად იმაზე, საპრეზიდენტო რბოლაში დარჩეს თუ არა, ბაიდენმა უპასუხა, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს.

"ჩემს თავს. ამას დიდი ხანია ვაკეთებ". - თქვა ბაიდენმა. 

გარდა ამისა, ჟურნალისტმა პრეზიდენტს ტრამპის შეთავაზებაზეც ჰკითხა, წინა დებატების წარუმატებლობა "გამოასწოროს" და ამ კვირებში ახალი დებატი გამართონ.

"მე მასთან დებატები მაშინ მექნება, როცა დაგეგმილი გვქონდა - დებატები სექტემბერში გვექნება". - თქვა ბაიდენმა. 

ბაიდენმა ასევე თქვა, რომ მთლიანი დებატისთვის არ უყურებია. 

"ნაწყვეტი მაქვს ნანახი, მთლიანი არ მინახავს. [...] მე ცუდი, ცუდი ღამე მქონდა, თავს კარგად საერთოდ არ ვგრძნობდი... ჩავაფლავე". - თქვა ბაიდენმა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა აქამდეც თქვა, რომ რბოლიდან გასვლას არ აპირებს.  როგორც მან ABC-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, თუ ყოვლისშემძლე ღმერთი დედამიწაზე დაეშვება და ეტყვის, რომ პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშოს, შესაძლოა, ასეც მოიქცეს, თუმცა, ეს არ მოხდება.

მანამდე, 27 ივნისს აშშ-ში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი დებატები გამართეს.

CNN-ის გამოკითხვის მიხედვით, რეგისტრირებული ამომრჩევლების 67% თვლის, რომ დებატებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. 

კომენტარები