საქართველო-ევროკავშირი

NGO-ები: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია

ლუკა ახალაია/ტაბულა

22 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. NGO-ების თქმით, საქართველოს EU-ში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია - ისინი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ რუსული კანონი გაიწვიონ, ევროკომისიის მიერ გაწერილი 9 პუნქტი შეასრულონ და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგს გაუფრთხილდნენ.

"ევროკომისია შემოდგომაზე გაფართოების მორიგ ანგარიშს წარმოადგენს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მიერ ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულებაც შეფასდება. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვის საფრთხე რეალურია, რასაც ასევე ადასტურებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები. აღნიშნულის შემთხვევაში, ევროპული კავშირის ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას:

  1. გაიწვიოს რუსული კანონი და სხვა საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებს;
  2. არ აღუდგეს წინ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, და გაუფრთხილდეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ თითოეულ მონაპოვარს;
  3. შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 27 ივნისს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციაც შეაფასეს, რომელიც საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა.

"27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. EU-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება გასულ წელს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა. 9 ნაბიჯის შესრულება ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებასთან ერთად, EU-ში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას წარმოადგენს.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სიცხადე შეიტანოს თავის განზრახვებში აღებული კურსის შეცვლის გზით, რაკი ეს საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს". ამასთან, ევროპულმა საბჭომ ხელისუფლებას მოუწოდა, 2024 წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და დაასრულოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ წარმოებული ფიზიკური თავდასხმები, დაშინებები და მუქარა". - წერია NGO-ების განცხადებაში.

განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

  1. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  2. აღმოსავლეთევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

  3. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

  4. დემოკრატიის მცველები

  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

  6. თბილისი პრაიდი

  7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

  8. მწვანე ალტერნატივა

  9. სამართლიანი არჩევნები (ISFED)

  10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

  11. სასამართლოს გუშაგი

  12. საფარი

  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  15. საქართველოს ევროპული ორბიტა

  16. საქართველოს მომავლის აკადემია

  17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი

  18. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

  19. უფლებები საქართველო

  20. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი

  21. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი

  22. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

კომენტარები