ევროკავშირი-საქართველო

ვიმედოვნებთ, რომ საქართველო EU-ს გზაზე დაბრუნდება – რუტე

REUTERS/Amel Emric/File Photo

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა და NATO-ს მომდევნო გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების გამო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ღელავს და იმედოვნებენ, რომ საქართველო EU-ს გზას დაუბრუნდება. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მე ვღელავ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამო. მცირე ხნით პრეზიდენტს ვესაუბრე და ის ძლიერი ლიდერია, მაგრამ ვერ შეძლო, პარლამენტმა ვეტო დაძლია... რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველო ევროკავშირის გზაზე დაბრუნდება, ხოლო NATO-ს შესახებ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვამაყობ, რომ ამირჩიეს". - თქვა რუტემ NATO-სა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა ზომებს შეიძლება მოველოდეთ ევროკავშირისგან, რუტემ უპასუხა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეაქცია და იმოქმედოს.

"უპირველეს ყოვლისა, ისაა, თუ რას მოველით საქართველოსგან, ხელისუფლებისგან, ახლა თქვენი ჯერია... [რედ. - საპასუხო ზომებთან დაკავშირებით] ვნახავთ, ვნახავთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქართველო დაბრუნდება". - თქვა რუტემ.

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე აირჩია.

რუტე NATO-ს გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან, სტოლტენბერგის ვადის ამოწურვის შემდეგ შეუდგება.

კომენტარები