საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

კვარაცხელია: ფეხბურთელების სახელებსა და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მოსაგებად გავალთ

რა თქმა უნდა, [პორტუგალიასთან] რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ უფრო მოტივირებულები ვართ, ვიდრე ისინი, რადგან პორტუგალია ჯგუფიდან უკვე გავიდა. მსგავს ტურნირზე ასეთ ნაკრებთან თამაში ჩვენთვის კარგი გამოცდილებაა. ალბათ, ბევრს არ სჯეროდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვიქნებოდით, მაგრამ ჩვენ აქ ვართ და ჯგუფიდან გასვლის შანსი გვაქვს. ჩემი აზრით, ყველაფერი შესაძლებელია, 1% შანსიც უნდა გამოიყენო და ამისთვის ყველაფერი გააკეთო. ჩვენც მაქსიმალურად ვემზადებით და უნდა ვეცადოთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია და მზად ვართ. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება.

პეპე ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია, დიდი კარიერა აქვს და მის წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა - ეს თითოეული შემტევისთვის დიდი გამოცდილება იქნება. მზად ვართ და მოედანზე მცველი ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მიზანია, გოლი გავიტანოთ და წინ ვიაროთ. პორტუგალიას ძალიან გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. მეტოქეს ვაფასებთ და იმის თქმა შეგვიძლია, რომ ბევრ კარგ გუნდთან გვითამაშია, მოგვიგია კიდეც, სხვა შედეგიც ყოფილა, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ ჩვენთვის ფეხბურთელების სახელებსა და გვარებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ თითოეულ თამაშზე მოსაგებად გავდივართ, ეს ჩეხეთთან და თურქეთთანაც ვაჩვენეთ. ვეცდებით, რომ ხვალინდელ თამაშზეც მაქსიმუმი გავაკეთოთ. ვიცით, ზურგზე რა ამოცანაც გვაქვს და ხვალ საქართველო მოედანზე მოსაგებად გავა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს პორტუგალიის ნაკრებში.

თქვა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე. კვარაცხელიას კომენტარს Europop ავრცელებს. 

ხვალ, 26 ივნისს, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება.

კომენტარები