GWP

GWP: ხვალიდან დაიწყება წყლის 3-7-საათიანი გრაფიკით მიწოდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP) წარმომადგენლის განაცხადებით, ხვალიდან სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, რა დროსაც "ჩაირთვება რეჟიმი მომხმარებლებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს [წყლის] მინიმუმ სამსაათიან და მაქსიმუმ შვიდსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში".

ჯერჯერობით უცნობია რა დრო დასჭირდება აღდგენით სამუშაოებს.

"ხვალ დილიდან ჩაირთვება რეჟიმი მომხმარებლებთან მიმართებაში, რაც ითვალისწინებს მინიმუმ სამსაათიან და მაქსიმუმ შვიდსაათიან მიწოდებას დღის განმავლობაში. ამ ყველაფერის თაობაზე ჩვენ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით მომხმარებლებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ აბსოლუტურად წყლის გარეშე ვტოვებთ მომხმარებლებს სამუშაოების წარმოების განმავლობაში. ძალიან მოხარული ვიქნებოდი, რომ შემეძლოს იმის თქმა, რომ ამას დავიწყებთ ხვალ და ზეგ დავამთავრებთ, თუმცა, სირთულიდან გამომდინარე, არ მინდა ვინმე შეცდომაში შევიყვანო, ამიტომ აღვნიშნავ, რომ სამუშაოები დაიწყება ხვალ და დასრულდება შესაძლოდ მაქსიმალურად მოკლე ვადაში. დღესვე მიიღებენ მოქალაქეები ტექსტურ შეტყობინებებს". - თქვა GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. წყალსადენი სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თქმით, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. 

კომენტარები