GWP

GWP: სამუშაო პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს, მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მივაწვდით

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) ინფორმაციით, დღეს 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა და მის შესაკეთებლად მიმდინარე სამუშაო პროცესი შესაძლოა გახანგრძლივდეს. 

"აღნიშნული წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი ხელოვნურად ნაყარი გეოლოგიურად არასტაბილური გრუნტის ქვეშ მდებარეობს, რაც სამუშაოების წარმოებას საკმაოდ ართულებს და შესაძლოა გამოიწვიოს სამუშაო პროცესის გახანგრძლივება". - წერს GWP. 

მათი თქმით, კომპანია წყლის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობს და წყალმომარაგების აღდგენამდე მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

"იმისთვის, რომ მოსახლეობას ეტაპობრივად მივაწოდოთ სასმელი წყალი, კომპანია ალტერნატიული გზებით რეზერვუარების შევსების გეგმაზე მუშაობს. ადგილზე მიმდინარე სამუშაო პროცესებისა და წყალმომარაგების აღდგენის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, ინფორმაცია ოპერატიულად გავრცელდება კომპანიის ვებგვერდით, სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა ინტერნეტ სააგენტოებით. აღნიშნულ პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის". - წერია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღეს, 16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ დაზიანებული წყალსადენი სასმელი წყლით ამარაგებს ქალაქ მცხეთას, თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თქმით, მილსადენის დაზიანებული მონაკვეთი რთულად მისადგომ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სამუშაოების დასაგეგმად დამატებითი სპეც-ტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო. 

კომენტარები