ფინეთი-საქართველო

სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩის ოფისი ტაბულას პროექტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

scandinaviastandard

ფინეთის ელჩი სამხრეთ კავკასიაში ტაბულას პროექტზე "დასავლეთი - მტერი თუ მეგობარი" განცხადება გაავრცელა, სადაც ახსნილია, რომ ეს პროექტი ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანიების გამოაშკარავებას ემსახურება და ის საქართველოში ფინური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების ნაწილია.

განცხადებით ფინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა ასევე ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს მსგავსი პროექტების დაფინანსებით ფინეთი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროექტის "დასავლეთი - მტერი თუ მეგობარი" მიზანია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში.

"რაც შეეხება ფინეთის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი ემსახურება დეზინფორმაციასთან ბრძოლას და ნებისმიერი მინიშნება, რომ ფინეთი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არის შეცდომაში შეყვანა." - წერია სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩის განცხადებაში. 

13 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ტაბულას ერთ-ერთი პროექტი ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ფორმაა. 

"ევროკავშირის პასუხისმგებლობაც არის, რომ ეს შემთხვევები გამოიკვლიოს და სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას, სადაც ევროკავშირის ფულით მოქმედი ორგანიზაციები პოლარიზაციას აღრმავებენ, ამაზე ჰქონდეს რეაქცია.

ერთი შემთხვევა მინდა კიდევ გაგაცნოთ. სულ ახლახან ასე შემთხვევით გავიგეთ, რომ ევროპული საქართველოს პროპაგანდისტული მედიაინსტრუმენტი ტაბულა ფინანსდება ფინეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მე მგონი, არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა, ყველამ იცის ეს, რომ ტაბულა არის ევროპული საქართველოს ჩვეულებრივი პარტიული კედლის გაზეთი და როდესაც ის ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, შესაბამისად, ამით ხდება პარტიის დაფინანსება, ხომ?

ასეთ შემთხვევებს რომ ვხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გაკვირვებას იწვევს, რომ ერთი მხრივ, საუბარი იყოს დეპოლარიზაციაზე, თანაბარ შესაძლებლობებზე და, მეორე მხრივ, ხდებოდეს პოლიტიკური პარტიების კანონისთვის გვერდის ავლით დაფინანსება, ეს ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, მათ შორის, როდესაც ხდება ევროპული საქართველოს პროპაგანდისტული მედიის - მათი კუთვნილი ჩვეულებრივი კედლის გაზეთი არის, ასე ვთქვათ - მისი დაფინანსება უცხო ქვეყნიდან, ეს გახლავთ კანონის გვერდის ავლის კიდევ ერთი მექანიზმი". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 13 ივნისს.

კომენტარები