რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 14 ივნისის ღამეს ქვეყნის რეგიონებსა და ოკუპირებულ ყირიმში ჯამში 87 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში როგორც ირწმუნებიან, ყველაზე მეტი, 70 დრონი ჩამოაგდეს როსტოვის ოლქში, 6-6 ვორონეჟისა და კურსკის ოლქებში, 2-2 ბელგოროდისა და ვოლგოგრადის ოლქებში, 1 კი – ოკუპირებულ ყირიმში.
რუსულ ტელეგრამ-არხებზე წერენ, რომ როსტოვის ოლქში მდებარე მოროზოვსკის მცხოვრებლებმა ღამე აფეთქებების ხმები გაიგეს და ქალაქში ხანძარი გაჩნდა. ამ ქალაქში მდებარეობს სამხედრო აეროდრომი. მასზე იერიში 5 აპრილსაც მიიტანეს.
ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა იერიშების დროს, დაახლოები, 2 საათი მუშაობდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ თავდასხმის შედეგად მოროზოვსკის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ასევე, ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ღამე დრონებმა იერიში მიიტანეს ნავთობსაცავზე, რომელიც "უმნიშვნელოდ" დაზიანდა. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ინფორმაციითაც, ვორონეჟის ოლქში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საწვავის რამდენიმე რეზერვუარი, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა.