ირანი

ირანის მცველთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 6 კანდიდატი დაარეგისტრირა

REUTERS/File Photo

ირანის მცველთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნებზე 6 კანდიდატი დაარეგისტრირა. კანდიდატებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავენ, საბჭოს და აიათოლას ნებართვა სჭირდებათ, რათა მათი სახელები ბიულეტენებზე ეწეროს. ირანის მცველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია საარჩევნო და საკანონმდებლო პროცესების დაკვირვებაა

საპრეზიდენტო კანდიდატების დამტკიცებულ სიაში არიან ირანის პარლამენტის სპიკერი და IRGC-ის ყოფილი მეთაური მოჰამად ბაქერ კალიბაფი, ბირთვული იარაღის საკითხებზე მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელი საიდ ჯალილი, თეირანის მერი ალირეზა ზაკანი, რეფორმისტი კანონმდებელი მასუდ პაზეშკიანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მოსტაფა პურმოჰამადი და კონსერვატორი პოლიტიკოსი ამირ-ჰოსეინ გაზიზადე ჰაშემი. 

ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებში საბოლოოდ დარეგისტრირებული კანდიდატების შესახებ ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 28 ივნისსაა დანიშნული.

როგორც ცნობილია, ირანის მცველთა საბჭომ ირანის ყოფილ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს საპრეზიდენტო სიაში მონაწილეობის უფლება არ მისცა. ასევე, მცველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ზოჰრეჰ ელაჰიანი, პირველი ქალი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა. 

"კანდიდატების საბოლოო სიის გამოცხადებით წინასაარჩევნო აქტივობები ოფიციალურად იწყება" - თქვა საარჩევნო ოფისის პრესსპიკერმა.

20 მაისს დადასტურდა ინფორმაცია, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები