რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, მოსკოვის დროით 8:40-ზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამოყენებით, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთის სამხედრო უწყებამ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე დრონის ჩამოგდების ცნობა გაავრცელა.
აქამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერდა, რომ გასულ ღამეს ჩამოაგდეს 26 უკრაინული საჰაერო დრონი და შავ ზღვაში გაანადგურეს 2 უპილოტო კატერი, რომლებიც ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით მიდიოდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გასულ ღამეს მათ დრონების თავდასხმა მოიგერიეს ანექსირებულ ყირიმში, ბელგოროდის, როსტოვის, ბრიანსკის, ტულისა და ასტრახანის ოლქებში, ასევე კრასნოდარის მხარეში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობის პარალელურად, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მენიაილომ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რეგიონში, კერძოდ მოზდოკში ჩამოაგდეს 3 დრონი. მისივე ცნობით, სამიზნე აქ მდებარე სამხედრო აეროდრომი იყო. მენიაილო ირწმუნება, რომ თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.
მოზდოკის აეროდრომიდან აფრენილ გამანადგურებლებსა და ბომბდამშენებს სწორედ უკრაინის ქალაქებზე მიაქვთ იერიშები.





