ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებისას საუბრისას თქვა, რომ ფლობს ინფორმაციას ქართული ოცნების დეპუტატებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ოცნების წევრებს უკვე მიუვიდათ შეტყობინებები.
"მეც ამგვარ ინფორმაციას ვფლობ, რომ გარკვეულმა პირებმა, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიიღეს შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური." - თქვა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან ენმ-ს ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.
3 ივნისს ფრაქცია ევროოპტიმისტების დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ, მის ხელთ არსებული ცნობებით, ქართული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს უკვე მიუვიდათ შეტყობინებები სავიზო შეზღუდვების შესახებ.
ცნობისთვის, 23 მაისს კონგრესში სენატორებმა წარადგინეს კანონპროექტი "ქართველი ხალხის აქტი", რის შემდეგაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა დააანონსა. სავიზო შეზღუდვა შეეხება იმ პირებს, რომლებიც, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, "პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში", სავიზო შეზღუდვა გავრცელდება ამ პირების ოჯახის წევრებზეც. იმ პირების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ, ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
3 ივნისს მეთიუ მილერმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია ინდივიდუალური სანქციები, თუმცა ისინი "მათ დაწესებას არ დააყოვნებენ".
"გამოცხადებულია ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა და სრულიად უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ამ მიმართულებით იმოქმედებს". - თქვა მილერმა სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.





