თბილისის მერის, კახა კალაძეს თქმით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს მისდით შეტყობინებები სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ.
კალაძე ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტი, რატომ უნდა დასანქცირდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.
"ტყუილია. არ არის სწორი ინფორმაცია. ატყუებთ ხალხს, სპეკულირებთ. არანაირად სიმართლეს არ შეეფერება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ მოხდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება, არანაირი არგუმენტი არ არსებობს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ ურთიერთობები, მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა, იყოს ჯანსაღი ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ ჩვენი გზა არის ევროპა და ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატება გვაქვს ამ გზაზე, არის ჩვენი ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება და რა თქმა უნდა, ამ შემართებით და სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას. ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა დასანქცირდნენ." - ავრცელებს კახა კალაძის კომენტარს თბილისის მერია.
მისივე თქმით, "სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას არაფერი
გაუკეთებია ისეთი, რომ დასანქცირება იყოს საჭირო."
3 ივნისს, ფრაქცია ევროოპტიმისტების წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, "კონკრეტულად არსებობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ზუსტად ვიზების გაუქმების შესახებ."





