რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ, თელავის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი, ლევან ბერძენაშვილი თანამდებობასა და პარტიას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ცნობით, ბერძენაშვილმა მათ უთხრა, რომ ის 10 ივნისამდე შვებულებაშია და სამსახურში დაბრუნებისთანავე, თანამდებობასა და პარტია ქართულ ოცნებას დატოვებს.
„მე რაც ვთქვი, ჩემს სიტყვას ბოლომდე შევასრულებ. ეს არის პროტესტი კანონზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო". - უთხრა ბერძენაშვილმა რადიო თავისუფლებას.
26 აპრილს, ლევან ბერძენაშვილმა საკრებულოს სხდომაზე თქვა, რომ თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს არ გაიწვევდა, მაშინ ის პარტიასაც და თანამდებობასაც დატოვებდა.
რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი საბოლოოდ მიიღო. კენჭისყრაზე 66-მა დეპუტატმა პრეზიდენტის ვეტოს წინააღმდეგ მისცა ხმა. ვეტოს დაძლევის შემდეგ, ივანიშვილის 84-მა დეპუტატმა კანონის საბოლოო მიღებას დაუჭირა მხარი.
3 დღის ვადაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს გაეგზავნება. ამჯერად მას ვეტოს გამოყენების უფლება არ აქვს. სალომე ზურაბიშვილს კანონზე ხელის მოსაწერად და მის გამოსაქვეყნებლად 5-დღიანი ვადა ექნება.
იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი კანონს არ გამოაქვეყნებს, ის ხელმოსაწერად გაეგზავნება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელიც კანონს ხელს მოაწერს და 5 დღეში გამოაქვეყნებს.
რუსული კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.





