რუსეთი

შვედეთის არმიის მეთაურის თქმით, რუსეთს გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს

rfel.org

შვედეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, მიკაელ ბიდენის თქმით, რუსეთს ბალტიის ზღვაში მდებარე გოტლენდის კუნძულის დაკავება სურს. ბიდენმა ამის შესახებ გერმანულ გამოცემა RND-სთან ისაუბრა. გოტლენდის კუნძული ბალტიის ზღვაში შვედეთსა და რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის ოლქს შორის მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობისაა

"მე დარწმუნებული ვარ, რომ გოტლენდის კუნძულს თვალი დაადგა. პუტინის მიზანია ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება. ამას უდიდესი გავლენა ექნება ჩვენ ცხოვრებაზე. ამას ვერ დავუშვებთ" - თქვა მიკაელ ბიდენმა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წამოაყენა ინიციატივა, რომელიც ბალტიის ზღვაში რუსეთის ტერიტორიული წყლების საზღვრების გადახედვასა და მათ გაფართოებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიხედვით, რუსეთს სურს საკუთარ შიდა წყლებად გამოაცხადოს კალინინგრადის აღმოსავლეთით და ფინეთის ყურეში მდებარე დამატებითი საზღვაო ტერიტორიები.

როგორც პროექტის დოკუმენტშია ნათქვამი, რუსეთის ფედერაციის საზღვაო სახელმწიფო საზღვარი შეიცვლება. ინიციატივის მიღების შემთხვევაში განკარგულება 2025 წლის იანვრიდან ამოქმედდება. პროექტში დაკონკრეტებული არაა ზუსტი კოორდინატები, თუმცა ნათქვამია, რომ საუბარია ფინეთის ყურეში მდებარე რუსული კუნძულების სამხრეთით მდებარე და კალინინგრადის ოლქის ქალაქების, ბალტიისკისა და ზელენოგრადის მიმდებარე წყლებზე.

კომენტარები