რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, "საიდუმლო" ბაზას მეთაურობდა

ალექსანდრ კულაკოვი
Galina Ognyova/Facebook

ყირიმში დაასაფლავეს რუსეთის ჯარების ვიცეპოლკოვნიკი, ალექსანდრ კულაკოვი, რომელიც ყირიმზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკვდა. ინფორმაცია ქალაქ ალუშტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა ოგნევამ გაავრცელა.

ოფიციალურ წყაროებში კულაკოვის სიკვდილის მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა, Telegram-არხი Astra წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მე-3 რადიო-საინჟინრო პოლკის საჰაერო თავდაცვის "საიდუმლო" ბაზაზე თავდასხმის დროს, 13 მაისს მოკვდა. მათივე ცნობით, კულაკოვი ამ ბაზის მეთაური იყო.

Astra ასევე წერდა, რომ თავდასხმის დროს კულაკოვის გარდა მოკვდა კიდევ ერთი სამხედრო, რომლის სახელიც არ დაუსახელებიათ. მათივე ცნობით, იყვნენ დაჭრილებიც, თუმცა მათი რაოდენობა არ მიუთითებიათ.

კულაკოვის სიკვდილის შესახებ თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა ტელეარხი Суспильне Крым-იც. წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად "დიდი რაოდენობით" რუსი სამხედრო დაშავდა და სარდლობა ფაქტის დამალვას ცდილობდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 13 მაისის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყირიმის თავზე ოთხი Storm Shadow-ს ტიპის რაკეტა და შვიდი დრონი გაანადგურეს. მოხსენებაში თავდასხმის შედეგად დაღუპულები ან დაშავებულები ნახსენები არ არიან.

კომენტარები