რუსული კანონი

ეუთო-ში ბრიტანეთის ელჩი: ეს კანონი არ შეესაბამება NATO-ს ასპირანტი ქვეყნის ღირებულებებს

ეუთო-ში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდი
gov.uk

ეუთო-ში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი ნილ ჰოლანდის ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ განცხადებას ავრცელებს:

"გაერთიანებული სამეფო საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მრავალფეროვანია და რუსეთის მხრიდან არსებული ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე, ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.

ჩვენ არასოდეს შეწყვეტს მოწოდებებს, რომ რუსეთმა დატოვოს უკანონოდ დაკავებული ქართული მიწა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვუჭერთ მხარს საქართველოს, რომელიც მთელი რიგი ჰიბრიდული გამოწვევების წინაშე დგას.

ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ეს მისწრაფებები საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული. ბოლო კვირებში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა დაგვანახა, რომ ეს მისწრაფებები არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი. სწორედ ამიტომ, ძალიან შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას, ხალხის ასეთი ძლიერი პროტესტის მიუხედავად.

გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ცალსახაა: მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ეს კანონმდებლობა არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოს ღირებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაიწვიოს ეს კანონი. ასევე უნდა შეწყდეს კანონის ოპონენტების დაშინებები და დაცული იქნას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ჩვენი სურვილია ვნახოთ წარმატებული, სუვერენული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც განაგრძობს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესს და რეფორმებს. ჩვენც და სხვა პარტნიორებმაც არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ეს კანონი ამ მიზნის აბსოლუტურად საპირისპიროდ დგას". - წერია ნილ ჰოლანდის განცხადებაში.  

კომენტარები