15 მაისის გამთენიისას ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.
როგორც როსავიაციის პრესსამსახურში ამბობდნენ, შეზღუდვა ფრენების უსაფრთხოების მიზნით დაწესდა. მათ არ დაუკონკრეტებიათ ზუსტი მიზეზი. აეროპორტებმა მუშაობა დრონების თავდასხმების საფრთხის გამო შეაჩერეს.
პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ თათრეთის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ტელეგრამ-არხი BAZA-ს ცნობით, დრონი თათრეთის ვერხნეუსლონსკის რაიონში ჩამოაგდეს.
როგორც ტელეგრამ-არხი წერს, აეროპორტის დახურვის გამო, ყაზანში მოსკოვიდან დროულად ვერ ჩაფრინდა თალიბანის დელეგაცია, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ეკონომიკურ ფორუმში: "რუსეთი - ისლამური სამყარო: KazanForum".
როგორც თალიბანის ე.წ. ინდუსტრიისა და ვაჭრობის სამინისტრო წერს, დელეგაციას უძღვებოდა ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი, ალჰაჯ ნურუდდინ აზიზი. განცხადების მიხედვით, დელეგაცია პირადად მოიწვია თათრეთის მეთაურმა, რუსტამ მინნიხანოვმა.
2024 წლის აპრილში თათრეთზე დრონებით იერიში პირველად მიიტანეს.





