რუსული კანონი

კობახიძეს ევროპის დღეზე სიტყვით გამოსვლისას შეძახილებით შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე ექსპოჯორჯიაში ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, 2024 წლის 11 მაისი
კადრი ვიდეოდან

"არა რუსულ კანონს!" - ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს დამსწრეთა ნაწილი შეძახილებით შეხვდა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში დღეს, 11 მაისს, დილის 11 საათზე დაიწყო. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, პრემიერმინისტრმა კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

"მე მახსოვს, ჩემს მიერ ევროპის შუა გულში, დუსელდორფში გატარებული 3 წელი. მახსოვს პირველი შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე მაშინ, უშუალოდ, ევროპული კულტურისა და კეთილდღეობის ხარისხის გაცნობით. ეს არის ძალიან დიდი შთაბეჭდილება და ჩვენი სურვილია, საქართველოშიც მივიღოთ განვითარების ზუსტად ეს დონე და კეთილდღეობის ანალოგიური ხარისხი.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ეკონომიკური თუ ღირებულებით პრობლემები, რომლებიც დგას დღეს ევროკავშირის წინაშე, არის დროებითი და ჩვენი პასუხისმგებლობაა დიდი ევროპლელი მოღვაწეების წინაშე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის აღორძინებაში, ისეთი სახით ევროკავშირის აღორძინებაში, როგორადაც ის დაფუძნდა 1950 წლის 9 მაისს, დიდი ევროპელი მოღვაწეების მიერ, როგორებიც იყვნენ რობერ შუმანი, ჟან მონე, კონრად ადენაუერი, უინსტონ ჩერჩილი და სხვები. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწორედ ამ პასუხისმგებლობით.[...]

მე მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია განსაკუთრებული წვლილის შეტანა ევროპის მრავალფეროვნების კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაში, ევროპის განვითარებაში.

რა თქმა უნდა, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. დღეს საქართველო არის მოწინავე, ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები. მთავარია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა და ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

ბრიუსელში ყოფნის დროს გავაკეთე ამბიციური განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2030 წლისთვის თუკი ვინმე კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო, ამისთვის ყველაფერი კეთდება, გაკეთდება და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში, არაუგვიანეს 2030 წლისა, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა". - თქვა კობახიძემ.

კომენტარები