რუსული კანონი

მილერის თქმით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოს მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება

მეთიუ მილერი
AP Photo

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გაიმეორა გასული დღის განცხადება, რომ ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა და კანონპროექტი, რომელიც გასულ დღეს მეორე მოსმენით მიიღეს, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის და დაამატა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოვლენებს ძალიან ყურადღებით აკვირდება. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"როგორც გასული ღამის განცხადებაში გავუსვით ხაზი, ღრმად შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელზეც ახლა საქართველოში მუშაობენ და ასევე გვაშფოთებს და ვგმობთ ცრუ ნარატივს, რომელიც მთავრობის წარმომადგენლები კანონპროექტის დასაცავად იყენებენ და ქართული ოცნების მეთაურთა ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო გაურკვეველ ტრაექტორიაზე დააყენა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და არ გავაკეთებ კომენტარს საპასუხო ნაბიჯებზე, რომლებსაც გადავდგამთ, ან საპასუხო ნაბიჯებზე, რომელსაც მანამ გადავდგამთ, სანამ კანონპროექტად რჩება, მაგრამ, მგონია, ცხადად ვაჩვენეთ, რამდენად სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს და რამდენად შეშფოთებული ვართ." – თქვა მილერმა.

მილერის თქმით სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტთან დაკავშირებულ "ძალიან ყურადღებით აკვირდება, მიუხედავად მსოფლიოში, სხვა ქვეყნებში მოგზაურობისა, ესაა ის, რაზეც მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია".

 

კომენტარები