რუსული კანონი

ევროსაბჭო: დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალა შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

ბურიჩი შეშფოთებას გამოხატავს ოცნების მიერ ინიცირებული "უცხო ძალის გამჭვირვალობის" კანონის შესახებ და მოუწოდებს მმართველ ძალას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუშლის ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას.

"ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ "უცხო გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებაზე, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ მისი უკან გაწვევის მოწოდებების მიუხედავად. ევროპული დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მის თავსებადობაზე ძლიერი შეშფოთებიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, დაელოდონ ვენეციის კომისიის მოსაზრებას და გაითვალისწინოს რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის დაცული გარემო აუცილებელია ცოცხალი და სრულად ფუნქციური დემოკრატიისთვის. გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზებისთვის და არ უნდა ზღუდავდეს მათი თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას.

ასევე ვგმობ იმ ძალადობას, რაც ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში ვიხილე. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც ბევრჯერ გამოავლინეს მათი საფუძვლიანი კავშირი დემოკრატიასთან, უნდა შეეძლოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიანად განხორციელება.

იმედი მაქვს, საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, როგორიც ბოლო წლების მანძილზე იყო. კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე" – ვკითხულობთ განცხადებაში.

 

კომენტარები