"ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს შენი ქვეყნის ახალგაზრდეობა, ქვეყნის მომავალი, რომ მადლობის სათქმელად მოდის პრეზიდენტის სასახლესთან" - სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერედზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან არიან.
"მეც მადლობას გიძღვნით, რომ ხართ თავისუფალნი და ღირსეულნი, ძლიერნი და მართალნი.
არ მეშინია, თქვენ ხელში ეს ქვეყანა იქნება ევროპულიც, დემოკრატიულიც, და რაც მთავარია დამოუკიდებელი და ძალიან ქართული.
ამ გზას გავივლით ერთად!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობიდან მსვლელობით ჯერ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს.
თავდაპირველად, 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან "ქალების მარში" გაიმართა. მარშის მონაწილეები საქართველოს პარლამენტთან მივიდნენ, მოგვიანებით - 19:00 საათზე კი მათ სტუდენტები შეუერთდნენ.
მეორე დღეა, სტუდენტები თვითორგანიზებითა და სპონტანურად პარლამენტთან იკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით სხვადასხვა დანიშნულების ადგილზე მიდიან. გუშინ, 19 აპრილს, აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე მივიდნენ და ფიცი დადეს, რომ არასდროს შეურიგდებიან ძალას, რომელიც მტრისთვის - რუსეთისთვის დათმობას ცდილობს.