მიანმარი

მიანმარის ხუნტამ ქვეყნის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი 19-დან 5 საქმეზე შეიწყალა

აუნ სან სუ ჩი
BBC

მიანმარის ხუნტამ 19 საქმეზე მსჯავრდებული ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალა.

ხუნტას წარმომადგენლის, ზა მინ თანის თქმით, შეწყალების შედეგად 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

სამხედროების სახელმწიფო ადმინისტრაციის საბჭომ რამდენიმე საქმეზე მიანმარის ყოფილი პრეზიდენტი, ვინ მინიც შეიწყალა, რომელიც 2021 წლის გადატრიალების შემდეგ აუნ სან სუ ჩისთან ერთად დააკავეს. შედეგად მინს სასჯელი 4 წლით შეუმცირდა.

მიანმარის ორივე ყოფილი ლიდერი პატიმრობაში რჩება. სუ ჩი გასულ კვირას ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.


სან სუ ჩი 2021 წლის თებერვალში დააკავეს, როდესაც მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ხუნტა პარტია დემოკრატიის ეროვნულ ლიგას, რომლის წევრიცაა სან სუ ჩი, არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა.

სამხედრო გადატრიალებას მოჰყვა საპროტესტო აქციები, რომლებსაც მიანმარის ხუნტის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღითაც შლიდნენ. დაიღუპა ასობით ადამიანი.

კომენტარები