მიანმარი

მიანმარში ხუნტის წინააღმდეგ აჯანყებულები ინდოეთთან საზღვარზე კონტროლის აღებას ცდილობენ

ინდოეთში, მიზორამის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ინდოეთი-მიანმარის საზღვართან ახლოს მდებარე ინდურ სოფელ ფარკავნთან მიანმარელი აჯანყებულების ჯგუფის, ჩინის ეროვნული ფრონტის მიერ მოწყობილი ბანაკი, 2021 წლის 13 მარტი
REUTERS/Rupak De Chowdhuri/File Photo

მიანმარის ჩინის შტატში ხუნტის წინააღდეგ აჯანყებული მებრძოლების მეთაურის, სუი ხარის თქმით, მთიან რეგიონში გამავალი საზღვრის პირას ორი სამხედრო პუნქტის აღების შემდეგ, ინდოეთთან საზღვრის ნაწილზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ.

სუი ხარის თქმითვე, რომელიც ჩინის ეროვნული ფრონტის (CNF) ვიცეთავმჯდომარეა, ინდოეთის მიზორამის შტატის მოსაზღვრე ორი სამხედრო ბანაკის ასაღებად მიანმარელ სამხედროებს აჯანყებულები 13 ნოემბერს გათენებიდან დაღამებამდე ებრძოდნენ.

მას შემდეგ, რაც 2021 წელს გადატრიალების შედეგად მიანმარში ხელისუფლება სამხედროებმა აიღეს ხელში, ხუნტა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშეა. ოქტომბრის ბოლოს სამი ეთნიკური უმცირესობის ძალებმა მიანმარის სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა წამოიწყეს და სამხედრო პუნქტებისა და ქალაქების დაკავებაც შეძლეს.

თავდასხმას ამბოხებულებმა მისი დაწყების თარიღის გათვალისწინებით ოპერაცია 1027 დაარქვეს. სწორედ 27 ოქტომბრიდან მებრძოლები შეიჭრნენ ჩინეთის საზღვართან მდებარე შანის შტატში, ხუნტის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რის შედეგადაც სამხედრო ხელისუფლებამ რამდენიმე ქალაქსა და 100-ზე მეტ სამხედრო ფორპოსტზე კონტროლი დაკარგა.

მიანმარის ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის არმიის წევრები ფოტოს იღებენ იმ იარაღით ხელში, რომელიც, სავარაუდოდ, მიანმარის არმიის ქალაქ ჩინშვეჰავის მაღლობზე მდებარე პოსტიდან მოიპოვეს, 2023 წლის 28 ოქტომბერი
"The Kokang" online media via AP

"ვაგრძელებთ თავდასხმებს შანის შტატის ჩრდილოეთში". - თქვა კიავ ნაინგმა, მიანმარის ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის არმიის წარმომადგენელმა. ამბოხებულთა ეს დაჯგუფებაც ოპერაციის ნაწილია.

მიმდინარე კვირას შანის შტატის პარალელურად ბრძოლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე რახინესა და ჩინის შტატებშიც.

სწორედ ჩინის შტატში დაახლოებით 80 აჯანყებული 13 ნოემბერს, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე რიჰხავდარისა და ხავმავის სამხედრო ბანაკებს დაესხა თავს და რამდენიმესაათიანი ბრძოლის შედეგად მათი დაკავება შეძლო.

შეტაკების შემდეგ მიანმარის 43 გაქცეული სამხედრო ინდოეთში გადავიდა და ადგილობრივ პოლიციას ჩაბარდა. ინდური მხარის წარმომადგენლის, ლალმალსავმა ჰნამტეს თქმით, ისინი ამჟამად მიზორამის შტატში იმყოფებიან.

"იმასთან დაკავშირებით, გააბრუნებენ თუ არა მათ უკან, ცენტრალური ხელისუფლებისგან შემდგომ მითითებებს ველოდებით". - უთხრა ჰნამტემ Reuters-ს.

ჩინის ეროვნული ფრონტის (CNF) ლიდერის, სუი ხარისა და ჩინის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის თქმით, მათ სჯერათ, რომ ინდოეთში გაქცეული ჯარისკაცებიდან ზოგიერთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების მონაწილე იყო.

სუი ხარის თქმითვე, ჩინის მეამბოხეები ახლა ცდილობენ კონტროლი გააძლიერონ ინდოეთი-მიანმარის საზღვარზე, სადაც ხუნტის კიდევ ორი ბანაკია განთავსებული.

"ჩვენ ვერ წავალთ, ჩვენი ტაქტიკაა სოფლიდან ქალაქამდე და შემდეგ დედაქალაქამდე". - უთხრა მან Reuters-ს.

ჩინის შტატში, რომელიც წლების განმავლობაში ძირითადად მშვიდობიანი იყო, 2021 წელს ხუნტას დიდი წინააღმდეგობა დახვდა. შტატის ათასობით მაცხოვრებელი ხელში იარაღს იღებდა და სამხედროებს უპირისპირდებოდა. მათგან ბევრს ჩინის ეროვნული ფრონტი ეხმარებოდა და წვრთნიდა.

ნაწილობრივ მჭიდრო ეთნიკური კავშირების გამო, ჩინის აჯანყებას მაშინ ინდოეთის პატარა შტატ მიზორამის მაცხოვრებლებმაც დაუჭირეს მხარი. ჩინიდან მიზორამში ათიათასობით ადამიანი გაიქცა, მათ შორის, დამხობილი სახელმწიფო და ფედერალური კანონმდებლები.


2021 წლის 1 თებერვალს მიანმარში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომელიც არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებდნენ.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი, საგარეო საქმეთა მინისტრი და დე ფაქტო ლიდერი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა. 2023 წლის 1 აგვისტოს 19 საქმეზე მსჯავრდებული სუ ჩი 5 საქმეზე შეიწყალეს. შედეგად, 78 წლის სუ ჩის 33 წლიანი სასჯელი 6 წლით შეუმცირდა.

კომენტარები