ირანის თავდასხმა ისრაელზე

CNN: ბაიდენმა ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანზე საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ

როგორც გამოცემა CNN თეთრი სახლის ადმინისტრაციის ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ ირანზე შესაძლო საპასუხო თავდასხმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. 

CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს ილაპარაკეს.

გამოცემის თანახმად, ბაიდენმა ნეთანიაჰუს ასევე უთხრა, რომ ირანის თავდასხმა მეტწილად წარუმატებელი იყო და ისრაელი გამარჯვებული დარჩა. აშშ-ს შეფასებით, ისრაელმა თავისი უპირატესი სამხედრო ძალა გამოავლინა, ხოლო ირანმა ისრაელში ვერაფერი "ღირებული" ვერ დააზიანა.


ირანმა, რამდენიმედღიანი მუქარის შემდეგ, ისრაელზე სარაკეტო და დრონების იერიში 14 აპრილის დადგომასთან ერთად მიიტანა. 

1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.

ირანს ისრაელის გარშემო, ახლო აღმოსავლეთში მარიონეტული მოკავშირეებიც ჰყავს. მათ შორის მნიშვნელოვანია შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია. შიიტური დაჯგუფებები ისრაელზე თავდასხმას 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ცდილობდნენ.

კომენტარები