რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინაში ჩასვლაზე დაინტერესება გამოხატა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედია საშუალება Axel Springer-თან, რომელიც Politico-ს მფლობელია, ინტერვიუში ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში რუსულ გავლენაზე ისაუბრა. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის მეტოქე, დონალდ ტრამპი სამშვიდობო გეგმების განსახილველად უკრაინაში მიიწვია.

ზელენსკის თქმით, მან უკრაინაში ჩასვლისკენ ტრამპს შუამავლების მეშვეობით პირადად მოუწოდა, რაზეც, მისი თქმით, ტრამპმა დაინტერესება გამოხატა, თუმცა ჯერჯერობით ვიზიტის თარიღზე არ შეთანხმებულან.

უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, ომთან დაკავშირებით ტრამპის შეთავაზებები მოისმინოს, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურადაა განწყობილი.

"თუკი შეთანხმება გულისხმობს, რომ ჩვენ ტერიტორიები უნდა დავთმოთ, და ამის [შეთანხმების] არსი ესაა, მაშინ ეს ძალიან პრიმიტიული იდეაა". - ამბობს ზელენსკი. მისი თქმით, სავარაუდო გეგმასთან დაკავშირებით მას ძალიან ძლიერი არგუმენტების მოსმენა დასჭირდება. "არ მჭირდება არაჩვეულებრივი იდეა, მჭირდება რეალური იდეა, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისთვის, საომარი მოქმედებების დასრულების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას გულისხმობს, მომავალში რუსეთის მიერ დაპყრობითი ომების გაგრძელების წინაპირობა იქნება.

მოლაპარაკებულმა სამშვიდობო შეთანხმებამ, ზელენსკის თქმით, სამომავლოდ რუსეთს საკუთარი გეგმების შესრულების სივრცე არ უნდა მისცეს.

მანამდე, დონალდ ტრამპმა ზელენსკის მხრიდან უკრაინაში მიწვევაზე უარი განაცხადა, რადგან არ სურდა, "ინტერესთა კონფლიქტის" გამოწვევა მაშინ, როდესაც ამერიკის საგარეო პოლიტიკის სათავეში ბაიდენი დგას, თუმცა, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერის მიმართ "დიდი პატივისცემის" გრძნობითაა განწყობილი.

კომენტარები