რუსული კანონი

დანიგანი რუსულ კანონზე: ის ძალიან განსხვავდება ამერიკული კანონისგან

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი ქართული ოცნების მიერ ხელახლა ინიცირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს გამოეხმაურა.

დანიგანის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე აშშ-სთან ერთად ასევე შეშფოთებულია ევროკავშირი, NATO, გაერო და ევროპის ინდივიდუალური სახელმწიფოები და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. 

"აშშ-მ საჯაროდ და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირად საუბრებში გამოხატა შეშფოთება ამ კანონპროექტის შესახებ. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიღებამ შესაძლოა საქართველო დააშოროს ევროპულ გზას და უარყოფით გავლენას იქონიებს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად" – თქვა დანიგანმა. 

ელჩის თქმით, აშშ 30 წელზე მეტია თანამშრომლობს საქართველოს მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამ თანამშრომლობის შედეგად ქვეყანაში ყველა დარგი გაძლიერდა, დაწყებული უსაფრთხოებიდან, დამთავრებული ეკონომიკითა და ჯანდაცვით. 

"თუ ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ყველა დასავლელმა მეგობარმა და პარტნიორმა შეშფოთება გამოხატა, ხოლო შენი ოკუპანტები მიესალმებიან, არის თუ არა ეს კარგი შენი ქვეყნისთვის?" – ამბობს დანიგანი. 

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონი ძალიან განსხვავდება ამერიკული FARA-ს კანონისგან, ვინაიდან აშშ-ში მოქმედი კანონი არეგულირებს უცხო ქვეყნის ლობისტებს და არ ცდილობს არასამთავრობო სექტორის შეზღუდვას.

"ეს არ არის ამერიკული კანონის მსგავსი. აშშ მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ჩვენი კანონი მოითხოვს რეგისტრაციას კონკრეტულად იმ ორგანიზაციებისა და ინდივიდებისგან, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობების ინტერესების ლობირებისთვისვის იღებენ დაფინანსებას. ეს ძალიან განსხვავებული კანონია" – თქვა დანიგანმა. 

კომენტარები