რუსული კანონი

რატომ არის ცუდი ეს კანონი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს მოიტანეთ? – მდინარაძე ოპოზიციურ მედიას

მამუკა მდინარაძე

"რატომ არის შემაშფოთებელი, რატომ არის ცუდი, ამ კითხვაზე პასუხი დღეს მოიტანეთ?" - ასე მიმართა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებს. 

გუშინ, 9 აპრილს მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ დღეს აძლევდათ დროს, რათა ეთქვათ, "რატომ აზიანებს [რუსული კანონი] საქართველოში რაღაცას, რასაც არ აზიანებს ევროპაში". 

"რატომ არის შემაშფოთებელი [რუსული კანონი], რატომ არის ცუდი, რატომ, ამ კითხვაზე პასუხი დღეს მოიტანეთ? - ერთი დღე ხომ ავიღეთ დისკუსიისათვის, გთხოვთ, მითხრათ ვინმემ, რატომ არის შემაშფოთებელი, რატომ გვაშორებს ევროპას, ის, რაც თავად ევროკავშირში ინიცირდება. 

ერთი დღე ნაცმედიის წარმომადგენლებს არ ეყოთ იმისთვის, რომ ამოეკითხათ გაეროს განცხადებაში, რა არის ცუდი, რა არის შემაშფოთებელი. არაფერი. უბრალოდ, ყველა განცხადებაში წერია, რომ არის ცუდი, შემაშფოთებელი, გვაშორებს ევროპას, ყველაფერი ტყუილია სინამდვილეში. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხი არ არის" - თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძის თქმით, მას ჟურნალისტებისთვის ახალი პირობა აქვს - "თუკი ვინმე, კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან, ან ამოვიღოთ, რაც გნებავთ, ის ვქნათ". 

"მითხარით ერთი პუნქტი, რაც არის რუსულ კანონში და მეორდება ჩვენს ინიციატივაში? - პასუხი არ არის, დუმილი. 

საქართველო მიიღებს ევროპულ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. თქვენ არცერთს არ გაქვთ პასუხი, რომელიმე პუნქტი, რაც არის რუსულის მახასიათებელი, არის თუ არა ჩვენს კანონში? ჩვენს კანონში მსგავსი პუნქტი არ არსებობს. 

ახლა, ახალი პირობა, გუშინდელი როგორ მოიტანეთ, ვხედავთ, საშინაო დავალებებს არ გაძლევთ, თუკი ვინმე, ჩვენს კანონპროექტში ერთ პუნქტს მაინც მონახავს, რომელიც არის ანალოგი რუსულის და სხვაგან, ევროპულში, ამერიკულში მსგავსი ჩანაწერი არ არის, ჩვენ შეგვიძლია ხვალვე წავიღოთ ეს პროექტი უკან, ან ამოვიღოთ, რაც გნებავთ, ის ვქნათ" - უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს. 

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები