რუსული კანონი

"კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!" – 400-ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციის განცხადება

400-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის რეინიცირებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.

"ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს. "ქართული ოცნების" მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.

რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე  განაცხადეს ევროკავშირის, გაეროს, ნატოს, ეუთოს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება.

ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.  ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს. 

რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე - ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!" - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

დღეს, 8 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა დაარეგისტრირებს.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები