აშშ-სამხრეთ კორეა

SpaceX-მა ფლორიდიდან სამხრეთ კორეის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა

AP

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს მიერ 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მეორე სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან SpaceX-ის Falcon 9-ის რაკეტით გაუშვეს, ორბიტაზე წარმატებით განთავსდა.

სამინისტროს ცნობით, გაშვებიდან 45 წუთში თანამგზავრი წარმატებით დაშორდა გამშვებ მექანიზმს და სამიზნე ორბიტაზე შევიდა, გაშვებიდან 2 საათსა და 40 წუთში კი სახმელეთო სადგურთან კომუნიკაცია წარმატებით დაამყარა.

სამხრეთ კორეის მიერ ამერიკულ კომპანია SpaceX-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2025 წლისთვის კომპანიამ ორბიტაზე სამხრეთ კორეის 5 სადაზვერვო თანამგზავრი უნდა განათავსოს. ქვეყანა მიზნად ისახავს, კორეის ნახევარკუნძულზე 24-საათიანი დაკვირვება შეძლოს.

სამხრეთ კორეის პირველი სადაზვერვო თანამგზავრი SpaceX-მა რაკეტა Falcon 9-ის გამოყენებით კალიფორნიის ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან 1 დეკემბერს გაუშვა და ორბიტაზე წარმატებით განათავსა.

თანამგზავრების ერთმანეთის მიყოლებით გაშვება უკავშირდება კოსმოსში სამხედრო შესაძლებლობებზე უპირატესობის მოპოვებას ჩრდილოეთ კორეასთან კონკურენციის ფონზე.

მას შემდეგ, რაც ორი ადრეული მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა, ფხენიანმა გასული წლის 21 ნოემბერს ორბიტაზე სადაზვერვო თანამგზავრი განათავსა.

კომენტარები