თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

Агентство: მოსკოვის პოლიციაში მოკვდა ჩეჩენი, რომელიც ტერაქტის მომდევნო დღეს დააკავეს

ასხაბ უსპანოვი

პროექტი Агентство წერს, რომ მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში მოკვდა ჩეჩენი, რომელიც კორკუს სითი ჰოლზე მოწყობილი ტერაქტის მომდევნო ღამეს დააკავეს. მედია ეყრდნობა მის დედას, ტაისა უსპანოვას და წერს, კაცი დაკავებიდან რამდენიმე საათში უცნობი მიზეზით მოკვდა.

დედის თქმით, უსპანოვი ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. ქალს არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად მოხდა ეს შემთხვევა. დაკავების შემდეგ, როგორც ტაისა უსპანოვა ყვება, მისმა შვილმა ცოლს დაურეკა. ცოლს სურდა, რომ ქმართან მისულიყო, თუმცა ამ უკანასკნელმა სთხოვა, რომ ეს არ გაეკეთებინა. კაცი ქალს ეუბნებოდა, რომ მის წინააღმდეგ სამხილები არ გააჩნდათ. უსპანოვის დედის თქმით, ამის შემდეგ მისმა შვილმა ცოლს კვლავ დაურეკა და უკვე სთხოვა, რომ განყოფილებაში მისულიყო, აღნიშნა, რომ "ძალოვნების მიმართ უხეშად" მოიქცა.

დედის თქმით, ცოლი განყოფილებაში ორ საათში მივიდა, აქ კი მას უთხრეს, რომ "მისი ქმარი აღარაა". ტაისა უსპანოვა ირწმუნება, რომ შვილი ჩეჩნეთში დაკრძალეს, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდის გადასცეს ცხედარი, ჰქონდა თუ არა წამების კვალი და რა იყო სიკვდილის მიზეზი.

უსპანოვის სიკვდილის შესახებ ცნობა გაავრცელა ჩეჩნურმა ოპოზიციურმა ტელეგრამ-არხმა 1ADAT-მაც. 29 მარტს ამ არხზე წერდნენ, რომ უსპანოვი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა გაჩერებაზე ძალოვნებმა დააკავეს. ამავე ცნობით, კაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. ტელეგრამ-არხი ირწმუნება, რომ დაკავების შემდეგ უსპანოვს აწამებდნენ და გაუტეხეს ნეკნები და ხერხემალი. მათივე მტკიცებით, ცხედარს ჰქონდა დახრჩობის კვალი და ჰემატომები.

შემდეგში 1ADAT-ზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც უსპანოვის ცხედარი იყო ნაჩვენები. ხმა, რომელიც კადრს მიღმა ისმის, ამბობს, რომ ძალოვნებმა ჩამოხრჩობით თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

რუსეთმა ტერაქტში უკრაინა ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.

კომენტარები