ლაზარე გრიგორიადისის საქმე

NGO-ები: გრიგორიადისის საქმე უსაფუძვლოდ ჭიანურდება და დარღვევებით განიხილება

ლაზარე გრიგორიადისი

24 არასამთავრობო ორგანიზაცია ლაზარე გრიგორიადისის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ისინი წერენ, რომ ლაზარეს სასამართლო სხდომები უსაფუძვლოდ და არაგონივრულად ჭიანურდება.

"ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე ერთი წელია მიმდინარეობს და ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოიტანს სასამართლო განაჩენს. პროცესის უსაფუძვლოდ და არაგონივრულად გაჭიანურებისა და სხვა მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე სულ უფრო ღრმავდება ეჭვი, რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი კლანური სასამართლოს ხელში, ლაზარე გრიგორიადისი სამართლიან მართლმსაჯულებას ვერ მიიღებს". - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გრიგორიადისის ბოლო სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებაც შეაფასეს, რომელმაც ლაზარეს პროცესზე დისტანციურად ჩართვის საშუალება არ მისცა და სხდომა გადადო. NGO-ები წერენ, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა დაარღვია, რადგან მათივე განცხადებით, კანონის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, რომ საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

"2024 წლის 28 მარტის სხდომაზე მოსამართლე ზვიად შარაძემ გადადო დასკვნითი სიტყვების მოსმენა იმ მოტივით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პროცესს „არ ესწრებოდა“. ამასთან, როგორც მოსამართლემ განაცხადა, მან არ დააკმაყოფილა ლაზარე გრიგორიადისის თხოვნა სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ იმის გამო, რომ ლაზარე გრიგორიადისს არ ჰქონდა წარდგენილი მიზეზი, რის გამოც სასამართლოში გამოცხადებას ვერ ახერხებდა. უფრო მეტიც, როგორც მოსამართლემ განაცხადა, თუ ლაზარე გრიგორიადისი შემდეგ სხდომაზეც „არ გამოცხადდება“, ჩაითვლება, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და შესაბამისად, სხდომა მის დაუსწრებლად ჩატარდება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში მისი საქმის  განხილვაში როგორც უშუალოდ, ისე დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. იმავე კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე მხარემ მონაწილეობა მიიღოს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ზემოაღნიშნული ნორმები იმაზე მიუთითებს, რომ სხდომაზე დისტანციურად დასწრება ბრალდებულის უფლებაა, რომლის გამოყენებისას არავითარი მიზეზის დასახელება საჭირო არ არის. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ სისხლის საპროცესო კანონის მოთხოვნა უხეშად დაარღვია, როცა ლაზარე გრიგორიადისს მოსთხოვა ის, რაც მას კანონით არ ევალება. სხვათა შორის, მიზეზის დასახელება სავალდებულოც რომ ყოფილიყო, ასეთი მიზეზი ლაზარე გრიგორიადისმა დაასახელა - მან თქვა, რომ სტრესის გამო უჭირს ხალხით გაჭედილ დარბაზში ყოფნა. თუმცა, მოსამართლემ ეს მიზეზი სრულებით უგულვებელყო.

ლაზარე გრიგორიადისის საპროცესო უფლებების დარღვევა კიდევ უფრო სერიოზულ ხასიათს მიიღებს, თუ მოსამართლე დაპირებას შეასრულებს და მომდევნო სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრების მოთხოვნას ლაზარე გრიგორიადისს სხდომაზე არგამოცხადებად ჩაუთვლის, რასაც შედეგად სხდომის ლაზარე გრიგორიადისის დაუსწრებლად ჩატარება მოჰყვება. ეს კი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევას გამოიწვევს.". - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

არასამთავრობოები ამბობენ, რომ ლაზარე გრიგორიადისის საქმეში არაერთი უფლების დარღვევა ფიქსირდება.

"დღეისთვის ნათელია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა უკვე უსაფუძვლოდ გაჭიანურდა, რაც ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების კიდევ ერთი ასპექტის - საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლების დარღვევის ნიშნებს შეიცავს.

საპროცესო კანონის სერიოზული დარღვევები ამ საქმეში ლაზარე გრიგორიადისის დაკავებისა და პოლიციაში მიყვანის დროიდან ფიქსირდება. კერძოდ, მიუხედავად მისი დაჟინებული მოთხოვნისა, ის რამდენიმე საათის განმავლობაში ადვოკატის გარეშე იკითხებოდა. ეს გარემოება მისი გამოკითხვის ოქმისა და, ე.წ. „მოწამლული ხის ნაყოფის დოქტრინის“ თანახმად, ამ ოქმიდან გამომდინარე ყველა სხვა მტკიცებულების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა, პოლიტიზირებული სასამართლოსთვის არც ასეთი სერიოზულ დარღვევა წარმოადგენს დაბრკოლებას. პოლიტიკური დაკვეთა კი მოცემულ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ის არის, რომ ლაზარე გრიგორიადისი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა საზოგადოებაში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდულ ნაწილში, ჩაისახოს შიში და მოლოდინი იმისა, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა ნებისმიერ მათგანს შეიძლება მეტისმეტად ძვირი დაუჯდეს". - წერენ NGO-ები.

NGO-ების განცხადებით, ისინი თუნდაც ამ საქმეში აღმოჩენილი დარღვევებით კიდევ უფრო რწმუნდებიან იმაში, რომ სასამართლოში კეთილისინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემის შემოღება აუცილებელია. 

განცხადებას ხელს შემდეგი 24 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს:

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

მედიაომბუდსმენი

ქვიარ ასოციაცია - თემიდა

დემოკრატიის მცველები

საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)

ყვარლის ევროკლუბი

„ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ (FAD)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

პროაქტივ ჯგუფი ჯორჯია

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ PHR

Სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

Შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია „ჰანგი“

ქალი და განვითარება

ფემინისტური ინიციატივების ფონდი

გურიის სამოქალაქო ცენტრი

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის (CMF)

რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)

ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი (GNUSP)

მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”

ფენიქსი 2009

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

საზოგადოება და ბანკები

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლოს დასკვნითი სხდომა 8 აპრილს, 14:30 საათზე გაიმართება

თავდაპირველად, საბოლოო პროცესი 26 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო გადაიდო. მოგვიანებით დასკვნითი სხდომა 28 მარტს ჩაინიშნა.

პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი.

კომენტარები